16 October 2016
შანსი, თუთბერიძემ გაზარდა

მოსალოდნელეზე მეტი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, „ზუგდიდი-დილა“-ს დაპირისპირება და გასაკვირი არც ყოფილა, ვინაიდან, გუნდებს მოგება სხვადასხვა „ლიმიტს“ უზრდიდა.ზუგდიდელთათვის წარმატებამ, მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი რეალურად გაზარდა, ხოლო თუ გორელები მოიგებდნენ, ისინი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას უკვე, თამამად გააგრძელებდნენ. მართალია, ჯერ ჩემპიონატის დასრულებამდე საკმაო დროა, თუმცა სტუმრებს ამ მარცხმა, უკვე საპრიზო ტიტულისთვის ბრძოლის გზა შეუმცირა, ხოლო მასპინძლებს,როგორც აღვნიშნეთ, საუკეთესო ათეულში მოხვედრისთვის ბრძოლის გაგრძელება, რეალური გაუხდა.

სათამაშო სცენარი, როგორც აღვნიშნეთ მთელი ორივე ტაიმი დაძაბული და ორმხრივ იერიშებში წარიმართა. უამინდობამ, მართალია მინდვრის საფარს თავისი დაღი დაამჩნია, მაგრამ ორთაბრძოლებისთვის ამას ხელი მაინც არ შეუშლია. პირველი სახიფათო მომენტი, მასპინძლებმა შექმნეს, როცა ლევან წურწუმიამ, სახიფათო სტანდარტული შეასრულა, მაგრამ მუჯრიშვილი ბურთს ადგილზე დახვდა. ამის შემდეგაც  ინიციატივას კვლავ მასპინძლები დაეუფლნენ და მათი შეტევები გაგრძელდა. გურამ სამუშიას მარჯვენა სახიფათო ფლანგურს, მეტოქის საჯარიმოში დროულად ვერავინ გამოეპასუხა, ხოლო შემდეგ ზვიად სიხარულიას ახლო მანძილიდან დარტყმული, გორელთა კარს მცირედით ასცდა. ცოტა ხანში, ორთაბრძოლისას, სტუმართა ფორვარდი, ნიკოლოზ გელაშვილი დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. ტაიმის შუაწელისკენ, შიდა ქართლელებმაც სტანდარტულის შესრულების უფლება მოიპოვეს. ნონიკაშვილმა,ზუგდიდელთა საჯარიმოში ბურთი სახიფათოდ ჩაჰკიდა, მოდებაძემ ყველას დაასწრო, თუმცა მის ახლო თავურს ზუგდიდელთა კიპერი, სერგეი ლიტოვჩენკო გაუმკლავდა.

  ტაიმის ბოლოსკენ, ზუგდიდელებმა საწადელს მაინც მიაღწიეს და  მათ, ლამაზად გათამაშებული კომბინაცია გოლად აქციეს. მეტოქის ნახევარზე, აუტიდან ბურთი რუდოლფ სუხომლინოვმა მოაწოდა, ლევან წურწუმიამ კი პირდაპირ, გორელთა კარის ბაქანისკენ გაგზავნა, პირველ ჯერზე მასპინძლებმა ბურთი უკუაგდეს, ხოლო შემდეგ დიმიტრი ზოზულიამ, რაფაელ ჩუკურას გადაუმისამართა, ამ უკანასკნელმა ბურთი ისევ მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, იქვე გიორგი ქანთარიამ შესაძლო თამაშგარეს არიდების მიზნით, შეტევის გაგრძელება ზვიად სიხარულიას დაანება, სიხარულიას ზუსტი პასი, ზუსტი მოხდენილი დარტყმით, საჯარიმოს ხაზს გარედან, დიმიტრი თუთბერიძემ გოლად გარდასახა და ქომაგებიც ახმაურდნენ.

მეორე ტაიმიც, რომ ანალოგიური სცენარით წარიმართებოდა ეჭვგარეშე იყო, ვინაიდან სტუმრებს თამაში უნდა გადაერჩინათ, ხოლო მასპინძლებს შეხვედრა, სასურველი შედეგით უნდა დაესრულებინათ. პირველივე წუთებზე, გორელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს. სტუმართა კუთხურს სალუქვაძის თავური მოჰყვა, თუმცა ზუსტად, კვლავ ზუგდიდელთა უკრაინელმა ლეგიონერმა, სერგეი ლიტოვჩენკომ ითამაშა.  მეორე ტაიმის ნახევრისკენ, მინდორზე ვითარება დაიძაბა. ფეხბურთელები ერთმანეთში წაკამათდნენ და ამან, აგრესიული მიმართულება მიიღო, თუმცა ორივე გუნდის წარმომადგენლებმა, საკუთარი ფეხბურთელები  დააშოშმინეს, ხოლო მთავარმა არბიტრმა, გიორგი ვადაჭკორიამ ამ „არეულობი“-ს შედეგად ზუგდიდელთა ფეხბურთელებს, გიორგი ქანთარიას და ლევან წურწუმიას, ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო გორელთა ფორვარდი ირაკლი მოდებაძე მოედნიდან გააძევა და სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ. სტატუსქვო კი მალევე აღდგა, ვინაიდან გიორგი ვადაჭკორიამ, ზუსტად სამ წუთში,ზუგდიდელ ლევან წურწუმიას უხეში თამაშისთვის, მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან ისიც გაუშვა. გაძევებამდე კი ლევან წურწუმიას ანგარიშის გაზრდის შანსი მიეცა, თუმცა მან მცირედით ააცილა. ზუგდიდელებს ამის შემდეგაც ჰქონდათ მომენტები,მაგრამ ჯერ ზვიად სიხარულიას დარტყმული, მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა, ხოლო შემდეგ გიორგი ქანთარიამ ზუსტად ვერ დაუმიზნა. ამის შედეგად მასპინძლები კინაღამ დაისაჯნენ, გორელთა შეტევა, სახიფათო დარტყმით თეიმურაზ ღონღაძემ დაასრულა, ბურთი ერთ-ერთ ზუგდიდელს მოხვდა და რიკოშეტით წავიდა, ხოლო აშკარა გოლისგან მასპინძლები ძელმა იხსნა. ბოლო წუთებზე გორელები, მასიური შეტევები შეეცადნენ ქულის გადარჩენას, თუმცა ზუგდიდელთა დაცვის ხაზი შეუვალი იყო.

ბოლო წუთებზე, ისევ ღონღაძე ცდილობდა ხელსაყრელი პოზიციიდან შედეგის შეცვლას, მაგრამ მას ნიკოლოზ აფაქიძე გადაეღობა და სიტუაციაც განმუხტა. მსაჯის საფინალო სასტვენმა კი ზუგდიდელი  ქომაგები კიდევ ერთხელ აახმაურა,  ამ მოგებით მასპინძლებმა, ცხრილში ბოლნისის „სიონს“ ერთი ქულით გადაასწრეს და ისინი, ერთი საფეხურით დაწინაურდნენ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრას, „ზედაეწერი“-ს სტადიონზე, სფფ-ს გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ესწრებოდა.

 

 

 

,,ზუგდიდი" - ,,დილა" – 1:0

ზუგდიდი, „ზედაეწერი“-ს სტადიონი, 16 ოქტომბერი

გოლი: თუთბერიძე (39-ე წთ)

ზუგდიდი:  ლიტოვჩენკო, სუხომლინოვი, აფაქიძე (კაპ.), ზოზულია, ქანთარია, ტყემალაძე, სიხარულია, ჩუკურა (ბეჭვაია 84), წურწუმია, სამუშია (მაჩაიძე 80), თუთბერიძე(ერმაჩენკო74)

სათადარიგო:  ზარქუა, კოხია, ჭანტურია, შეველი.
მთავარი მწვრთნელი: ლევან მიქაძე

 

დილა: მუჯრიშვილი, სალუქვაძე, სამხარაძე, რომარიკი, ღონღაძე, წიქარიძე, ნონიკაშვილი, ერისთავი (ბიასადილა 84), კოფი, მოდებაძე (კაპ.), გელაშვილი (ჩახვაშვილი 26 -გამცემლიძე 81)

სათადარიგო: ბეგაშვილი, ლომიძე,  ჯანელიძე, ცაცკრიალაშვილი

მთ.მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

 

გაფრთხილება: ქანთარია (67) წურწუმია (67, 70)

გაძევება: მოდებაძე (67), წურწუმია (70)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

 

, , , ,