02 October 2016
ვითარება უკიდურესად გართულდა, თუმცა შანსები შენარჩუნდა

 გარდამავალი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, მეორე წრის პირველი შეხვედრა, ფოთის „კოლხეთსა“ და ს.კ. „ზუგდიდს“ შორის, ქობულეთში „ჩელე არენა“-ზე გაიმართა. შეხვედრას ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა და განსაკუთრებით ზუგდიდელთათვის, რომლებიც უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან.

 პირველ ტაიმში საგრძნობლად უკეთ სტუმრები მოქმედებდნენ და ფაზისელთა კართან ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი ზუგდიდელებმა შექმნეს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ზუგდიდელთა რიგებში დაბრუნებულმა რაფაელ ჩუკურამ, მოხდენილი პასით გურამ სამუშია ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა, სამუშიამ ცრუ მოძრაობით მცველი ჩამოიცილა და კარშიც გადაგზავნა, თუმცა თებიძეს ვერ აჯობა, ხოლო მეორე ჯერზე ასევე სამუშია აღმოჩნდა მეტოქის საჯარიმოში და უკვე, მის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ სტუმრები იოლად არაფრის დათმობასარ აპირებდნენ, მაგრამ დაშვებულმა შეცდომამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ზუგდიდელთა უკრაინელმა ლეგიონერმა, დიმიტრი ზოზულიამ, საკუთარ ნახევარზე დაკარგა ბურთი, კოლხთა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო და შეხვედრის 24-ე წუთზე მათივე გოლით დაგვირგვინდა. ფლანგური გადაცემის შემდეგ, იგორ ოზარკივმა ანგარიში გახსნა.

 ამის შემდეგ უპირატესობას ფოთელები დაეუფლნენ და მათ  უკვე, პირველი ნახევრის მიწურულს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ვლადიმერ კორობკას, ზუგდიდელთა კიპერმა სერგეი ლიტოვჩენკომ აჯობა. ლიტოვჩენკომ მორიგ ჯერზე ნიქაბაძის დარტყმულიც გაანეიტრალა, ხოლო კორობკამ მორიგი კარგი მომენტი გააცუდა, როცა ახლო მანძილიდან ბურთი კარებს ააცილა. გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ზუგდიდელთა, უკრაინელი ლეგიონერი, მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო თითქმის ყველა მატჩში დამაჯერებლად მოქმედებს.

შეხვედრის მეორე ნახევარზე სტუმრების მეტი გააქტიურება იყო მოსალოდნელი, თუმცა ზუგდიდელებმა მეორე ტაიმში თამაში ვერ დაალაგეს და შესაბამისად, გარდატეხის შეტანაც გართულდა. კონტრშეტევებით მომენტებს ისევ მასპინძლები ქმნიდნენ, მაგრამ სტუმრებს ქულის გადარჩენის შანსი მაინც გაუჩნდათ, რომ არა მთავარი არბიტრის, ბაკურ ნინუას (ვფიქრობთ) უხეში შეცდომა  - მასპინძლებმა ბურთი მათსავე ნახევარზე დაკარგეს და გიგა ბეჭვაიამ მარჯვენა ფლანგიდან გააგრძელა შეტევა, მისი დარტყმული ფოთელთა ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა და ზუგდიდელებმა პენალტი მოითხოვეს, მაგრამ მსაჯმა თამაშის გაგრძელება ანიშნა (ვიდეო კადრებში აშკარად ჩანს, რომ ბურთი ფოთელ ფეხბურთელს საჯარიმოს შიგნით, გაშლილ ხელზე ხვდება, არადა ამ მატჩის მსაჯთა გაფართოებული შემადგენლობა ემსახურებოდა).

თამაშის ბოლო წუთებზე კი ფაზისელებმა, მორიგი შეტევა განახორციელეს და 90-ე წუთზე, ლაშა ჯღამაიამ, მეორედ აიღო ზუგდიდელთა კარი და შეხვედრასაც საბოლოო წერტილი დაუსვა. მართალია, ზუგდიდელებმა ამ წაგებით, ვითარება უკიდურესად გაირთულეს, თუმცა შანსები კვლავ შენარჩუნდა და ბრძოლა გრძელდება. მორიგი ტურის შეხვედრას, ს.კ. „ზუგდიდი“, 16 ოქტომბერს „ზედაეწერი“-ს სტადიონზე გამართავს და გორის „დილა“-ს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას კი ზუგდიდელთათვის უკვე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

 

 

 კოლხეთი  - ზუგდიდი 2:0

ქობულეთი, „ჩელე არენა“, 2 ოქტომბერი

გოლები: 1:0 ოზარკივი (24), 2:0 ჯღამაია (90) 

კოლხეთი : თებიძე, კილასონია, ჟიშკარიანი, რამალდანოვი, გოგონაია, კერძევაძე, ბოლქვაძე, კორობკა, ოზარკივი (ჩაკვეტაძე 81), ნიქაბაძე (ჯღამაია 76), ლუკავა (ივანკო 62)

სათადარიგოები: ძაგანია, ტუღუში, კაკულია, შალიკაშვილი

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აფაქიძე, სუხომლინოვი, აქუბარდია ( ერმაჩენკო 59), ჩუკვურა, ბეჭვაია, ზოზულია, ტყემალაძე, სამუშია ( ჭანტურია 59), იოსელიანი, შეველი (ნარმანია 46)

სათადარიგოები: ზარქუა, მაჩაიძე, სიხარულია, ქანთარია

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ლიუტი

მსაჯები: ბ. ნინუა, მ. კუპატაძე, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილება: აქუბარდია (46),  ჩუკურა (83),  იოსელიანი (83)

 

, , , ,