01 October 2016
პრინციპული და „სასიცოცხლო“ მნიშვნელობის მატჩი

 მეგრული გუნდების დაპირისპირება, ყოველთვის იყო საინტერესო და დაძაბული, გამონაკლისი არც მორიგი დუელი იქნება „კოლხეთი -ზუგდიდი“-ს გუნდებს შორის, თუმცა სხვა ყველაფერთან ერთად ამ შეხვედრას, უკვე სხვა დატვირთვაც ააქვს, რაც ცხადია ორმაგი ინტერესის შემცველია.

 სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ზუგდიდელებს უკანდახევის ყველა გზა მოჭრილი აქვთ და ისინი, ბუნებრივია მოედანზე სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებენ. ფაზისელებს უკეთესი მდგომარეობა აქვთ, მაგრამ დამშვიდების უფლებას მათ,  არსებული შედეგი ნამდვილად არა აძლევთ. აღნიშნულ გუნდებს შორის შეხვედრა, რომელიც ფოთში „პარკი არენა“-ზე უნდა გამართულიყო, სარაგბო თამაშის დამთხვევის გამო, ქობულეთში „ჩელე არენა“-ზე გაიმართება.

 გარდა იმისა, რომ ზუგდიდელებს გადასარჩენად მხოლოდ სამი ქულა შეუნარჩუნებს შანსებს, სტუმრებს რევანშის წყურვილიც ამოძრავებთ, რადგან ფოთელებმა გარდამავალი ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში, ზუგდიდელები, „ზედაეწერი“-ს სტადიონზე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

აღნიშნული შეხვედრა, რომ ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა და  დაძაბული იქნება, იქედანაც ჩანს, რომ მატჩს მსაჯთა გაფართოებული შემადგენლობა მოემსახურება. მთავარი მსაჯი, ბაკურ ნინუა იქნება, რომელსაც მ.კუპატაძე, ი.მაჩიტიძე, გ.დოგრაშვილი, გ.კიკაჩეიშვილი და ი.კვირიკაშვილი იქნება.

„კოლხეთი - ზუგდიდი“-ს მატჩი, ხვალ, 2 ოქტომბერს, ქობულეთში, „ჩელე არენა“-ზე, 16:00 საათზე დაიწყება.