24 სექტემბერი 2016
პირველი წრის ბოლო ტურები

 გარდამავალი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 7-ე ტურის მატჩებით, უმაღლესი ლიგის საფეხბურთო გუნდები პირველ წრეს დაასრულებენ. ზუგდიდელთათვის, ეს ტურიც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მათ იმერეთში, ურთულესი შეხვედრა ექნებათ. ცხრილის ლიდერი ს.კ. „სამტრედია“, ბუნებრივია ლიდერობის განმტკიცებისთვის და წარმატების მისაღწევად, ძალ-ღონეს არ დაიშურებს, თანაც საკუთარ კედლებში, მაგრამ აუტსაიდერის კვალობაზე, ზუგდიდელებიც სამტრედიაში საბრძოლო განწყობით ჩადიან.

 ზუგდიდელი ფეხბურთელები „ბაია“-ს ბაზაზე ემზადებიან და უკლებლივ ყველა, სრულ სათამაშო ფორმაშია. შესაძლებელია, ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ლუტიმ, ძირითად განაცხადში, რაფაელ ჩუკურა და უკრაინელი ლეგიონერი, რუდოლფ სუხომლინოვი ჩართოს. ეს უკანასკნელი, ლუტიმ, ქუთაისის „ტორპედო“-ს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მოსინჯა, ხოლო ჩუკურამ დისკვალიფიკაციის გამო ოთხი შეხვედრა გამოტოვა და წინა ტურში ზუგდიდელებს, „საბურთალო“-ს წინააღმდეგ, მცირე ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.

სამტრედიელთა რიგებს კი, დისკვალიფიკაციის გამო გიორგი მჭედლიშვილი დააკლდება. რაც შეეხება მსაჯთა შემადგენლობას, რომელიც „სამტრედია-ზუგდიდი“-ს მატჩს მოემსახურება - მთავარი არბიტრი, დავით ხარიტონაშვილი იქნება, რომელსაც ი.უკლება, ს.სპიცინი და ბ.გლუშუკი დაეხმარებიან.

„სამტრედია - ზუგდიდი“-ს მატჩი, ხვალ, 25 სექტემბერს, სამტრედიაში, „ეროსი მანჯგალაძის“ სახელობის სტადიონზე, 16:30 საათზე დაიწყება.