18 სექტემბერი 2016
"ზუგდიდმა ნავსი გატეხა, ნარმანია მატჩის გმირი გახდა"

 მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, VI ტურის ერთადერთი მატჩი, დღეს „ზედაეწერი“-ს სტადიონზე გაიმართა და ს.კ. „ზუგდიდმა“, თბილისის „საბურთალო“-ს უმასპინძლა. მოსალოდნელიც იყო, რომ შეხვედრა საინტერესო იქნებოდა და ამ მატჩს უფერული ნამდვილად არ ეთქმოდა.
„ზუგდიდი“, სატურნირო ცხრილში ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც გრაფაში ქულის გარეშე იყო და ამ მატჩს, ზუგდიდელთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობაც კი ჰქონდა.
შეტევა ორმხრივი ორთაბრძოლებით განახლდა და მასპინძლებმა პრესინგს პირველივე წუთებიდან მიმართეს, თუმცა პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს. ვაგნერ გონსალესმა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა, ფრანცისკო გარსიას მისამართით გააკეთა, თუმცა ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან ააცილა. ორ წუთში უკვე ლევან წურწუმიას ლამაზი სოლო რეიდი ვიხილეთ, რასაც ქომაგებიც ოვაციებით შეხვდნენ და მასპინძლებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს. კუთხურიდან ბურთი წურწუმიამ მოაწოდა, თუმცა შეველმა სუსტად დაარტყა. საპირისპიროდ ისევ დედაქალაქელებმა განახორციელეს შეტევა და უკვე გარსიას გადაცემას, ხარაიშვილის სახიფათო თავური მოჰყვა და ზუგდიდელები გოლისგან, მეკარე, სერგეი ლიტოვჩენკომ იხსნა. უკრაინელმა ლეგიონერმა ცოტა ხანში, კიდევ ერთი სეივი განახორციელა, როცა ვაგნერ გონსალვესის დარტყმას გაუმკლავდა და ქომაგებისგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. 
ამასობაში მასპინძლებიც მიეძალნენ მეტოქეს და აქუბარდია-იოსელიანის კომბინაციის შემდეგ, ამ უკანასკნელმა ბურთი სახიფათოდ ჩაჰკიდა მეტოქის კარის ბაქანთან, ხიფათიც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ბურთს გურამ სამუშია ვერ მისწვდა. 42-ე წუთზე საბურთალო აშკარა გოლისგან, მეკარე ბექა ქურდაძემ იხსნა. ლევან წურწუმიას სტანდარტულის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ ბადრი აქუბარდია დარჩა, რომელმაც შეუჩერებლივ ბურთი კარში გადაგზავნა და ქურდაძემ ნახტომში კუთხურზე მოიგერია. წურწუმიას მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი, დიმიტრი ზოზულიამ მაკრატელათი დედაქალაქელთა კარში გადაგზავნა და მცირედით ააცილა. ამ ეპიზოდსაც ზუგდიდელი ქომაგების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. 
 მეორე ტაიმში მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, თუმცა პირველის მსგავსად, მეორე ნახევარშიც ხიფათი სტუმრებმა შექმნეს, როცა მეკარესთან პირისპირ გარსია გაიყვანეს და მას ლიტოვჩენკომ არ გაატანინა. ზუგდიდელთა უკრაინელმა მეკარემ, არაერთხელ ითამაშა დამაჯერებლად და განსაკუთრებით შეხვედრის ბოლოსკენ, თუმცა მანამდე ვაგნერ გონსალვესის სახიფათო დარტყმული კიდევ ერთხელ მოიგერია. მეორე ტაიმის ნახევარში ორთაბრძოლებმა, თითქმის მოედნის ცენტრში გადაინაცვლა და უკვე ზუგდიდელთა, მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ლუტიმ ორმაგ ცვლილებას მიმართა. მოედანზე ერთდროულად, ნიკა ნარმანია და ალექსანდრე ერმაჩენკო გამოიყვანა. სხვათაშორის უნდა აღინიშნოს, რომ ნარმანია ამპლუით მცველია და უკრაინელმა დამრიგებელმა იგი, მეორე ტურია ზედიზედ, წინ ხაზზე მოსინჯა. ზუგდიდელთა ტანმაღალმა ფეხბურთელმა, წინა ტურში „სიონს“ გაუტანა, ხოლო დღევანდელ შეხვედრაში, ფაქტობრივად გმირი გახდა, როცა ლევან წურწუმიას გადაცემის შემდეგ, ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა და საბოლოოდ ზუგდიდელებს, პირველი სამი ქულა მოუტანა. მართალია ცხრილში ვითარება უცვლელი დარჩა და „ზუგდიდი“, ისევ ბოლო ადგილზეა, თუმცა ამ მოგებით ზუგდიდელთა შანსი, უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, ორმაგად გაიზარდა. ამასთან ერთად, ზუგდიდელებს, სხვებთან შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ბოლო წუთზე, გარსიამ თავური დარტყმით ბურთი ზუგდიდელთა ძელს მოახვედრა, თუმცა მანამდე არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ შეხვედრას, „ზედაეწერი“-ს სტადიონზე, სხვა სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილიც დაესწრო. მომდევნო ტურის შეხვედრას, ს.კ. „ზუგდიდი“, უკვე გასვლაზე გამართავს და 25 სექტემბერს, სამტრედიაში, ადგილობრივ „სამტრედია“-ს შეხვდება.

„ზუგდიდი - საბურთალო“ – 1:0
ზუგდიდი, „ზედაეწერი“-ს სტადიონი, 18 სექტემბერი
გოლი:
ნიკა ნარმანია (73-ე წთ)

ზუგდიდი:ლიტოვჩენკო, მაჩაიძე, აფაქიძე, ზოზულია, იოსელიანი, ტყემალაძე, ბეჭვაია, აქუბარდია (აქუბარდია 65 წთ), სამუშია (ერმაჩენკო 61 წთ), წურწუმია, შეველი (ნარმანია 61 წთ)
სათადარიგოები:ზარქუა, ბიგვავა, ქანთარია, თუთბერიძე
მთ.მწვრთნელი: ვლადიმერ ლუტი

საბურთალო:ქურდაძე, იაშვილი, კარასკო, მარგველაშვილი, ხარაიშვილი, ხარა კოლადო, გონსალვეს ნოგუერა, ალვინ ტერა (რუხაძე 83), ალთუნაშვილი (ფანცულაია 66 წთ), სოფრომაძე (კოხრეიძე 75 წთ), გარსია
სათადარიგოები: გოშაძე, მამუჩაშვილი, ბუხაიძე, რუხაძე
მთ.მწვრთნელი:ფრანკო მარტინ პაბლო

გაფრთხილება: აქუბარდია (5), ზოზულია (35), აფაქიძე (45), წურწუმია (63), ლიტოვჩენკო (81)
მსაჯი:გოგა კიკაჩეიშვილი

, , , ,