12 სექტემბერი 2016
სიონი-ზუგდიდი 4:1 - "სიონმა" გაიბრწყინა, ზუგდიდში ისევ კრიზისია

ჯერ მხოლოდ 5 ტური ჩატარდა და არავინ უწყის, საბოლოოდ სატურნირო მდგომარეობა როგორ შეიცვლება. მხოლოდ ის არ იყო სადავო, რომ "სიონი"-"ზუგდიდის" დაპირისპირება "ექვსქულიანი" მატჩი გახლდათ - ბოლნისის "თამაზ სტეფანიაზე" დაპირისპირებულ ამ გუნდებს აქამდე არათუ თამაში არ ჰქონდათ მოგებული, ქულაც არ ეწერათ ცხრილში. 

..."სიონმა" კი სანაკრებო პაუზა ჩინებულად გამოიყენა და ზუგდიდელებთან საკუთარი პოტენციალი გამოავლინა. ბოლნისელებმა უპირატესობა პირველივე წუთიდან მოიპოვეს. ეს იმის დამსახურება გახლდათ, რომ ცენტრალური ნახევარმცველები - ირაკლი ძარია და გიორგი ჯანელიძე ფორმაში შევიდნენ. მათ გუნდი სწრაფად და დინამიკურად აათამაშეს. აგრესიულები იყვნენ ფლანგები, მცველები და შემტევები.

მასპინძლებს დაწინაურება თავიდანვე შეეძლოთ, როცა საჯარიმოში მარჯვენა ფრთიდან დავით ხურცილავას მიერ ჩაწოდებული ბურთი ვიაჩესლავ სუშკინმა ახლო მანძილიდან კარში თავით ძლიერად გადაამისამართა - მეკარე ლიტოვჩენკომ საოცარი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა. ეს მცირე რუსულ-უკრაინული დაპირისპირება შემდეგაც გაგრძელდა და "სიონის" ახალწვეულმა სადებიუტო შეხვედრაში თავი ჩინებულად გამოავლინა. ისე ჩანს, ეს აგრესიული, სწრაფი და მოძრავი თავდამსხმელი პრობლემებს უფრო ძლიერ გუნდებსაც შეუქმნის. 

რამდენიმე შეტევის ორგანიზება სტუმრებმაც მოახერხეს, მაგრამ ნიკა დაუშვილმა (რომელიც ორი კვირის წინ სწორედ "ზუგდიდიდან" წამოვიდა) ლევან წურწუმიასა და ერმაჩენკოს შეტევებისას საიმედოდ ითამაშა. უკრაინელმა კიდევ რამდენჯერმე შეუტია, მაგრამ თანაგუნდელების უკმაყოფილება დაიმსახურა - პასებს რატომ არ იძლევიო?.

ამ მცირე მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით, მოედანზე "სიონი" დომინირებდა. ძალიან სახიფათო გამოდგა ძარიას დარტყმა, როცა ლიტოვჩენკომ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა. მაგრამ მცველთა მორიგი შეცდომა უკრაინელმა მეკარემაც ვეღარ გამოასწორა: კუთხური ჯანელიძემ შეასრულა, კარის ბადე კი ძარიამ შეარხია - 1:0. 

ბოლნისელები არ გაჩერდნენ და შესვენებაზე კომფორტული ანგარიშით გავიდნენ: კუთხური ისევ ჯანელიძემ შეასრულა, დავით ვოლკოვის თავურს მეკარე გადაეღობა, მაგრამ დამატებაზე სუშკინმა ივარგა - 2:0.

მეორე ტაიმში ლიუტიმ თამაშის გამოსწორება შეცვლებითა და გადაადგილებებით სცადა - ცენტრალური მცველი ნიკა ნარმანია თავდასხმაში გურამ სამუშიას ნაცვლად გადასწია (?!), ხოლო მის ნაცვლად ნახევარდაცვაში მარჯვენა მცველი ბადრი აქუბარდია განაწესა. მაგრამ "სიონი" ამანაც ვერ შეაჩერა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა: გაფრინდაშვილი-სუშკინის შეტევა კობახიძემ გააგრძელა, საჯარიმოში ბურთი მცველს მოჭრილი დარტყმით შემოატარა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 3:0.

თავის გამოჩენა გაფრინდაშვილსაც შეეძლო, მაგრამ ზუგდიდელთა მეკარემ ბურთი მასაც "ცხრიანიდან" მოუხსნა და გუნდი კიდევ ერთი გოლისგან იხსნა. სტუმართა ერთადერთი ნორმალური შეტევა კი გოლით დასრულდა: გოდერძი მაჩაიძის, ოთარ ჯავაშვილისა და წურწუმიას ფლანგური შეტევა ნარმანიამ გოლით დააგვირგვინა - 3:1.

ზუგდიდელები დიდი ანგარიშით მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ - გაფრინდაშვილმა ბურთი ჯანელიძეს გააყოლა, რომელმაც ბამბა ფუსენი ცრუ მოძრაობაზე წამოაგო და არბიტრის მიერ დანიშნული პენალტი თავადვე უნაკლოდ შეასრულა - 4:1.

"წითელ ჯგუფში" "სიონმა" პირველად მოიგო, ხოლო "ზუგდიდმა" ისევ წააგო და კატასტროფულ მდგომარეობაშია.

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. "წითელი ჯგუფი". V ტური
10.09. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-ზუგდიდი 4:1
გოლები: 1:0 ძარია (30. ჯანელიძის პასით), 2:0 სუშკინი (45+2. ვოლკოვის პასით), 3:0 კობახიძე (59. სუშკინის პასით), 3:1 ნარმანია (75. წურწუმიას პასით), 4:1 ჯანელიძე (90+2-პენ)
სიონი: დაუშვილი, დ. ფოფხაძე, კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, ძარია, ჯანელიძე, ხურცილავა (67. გიორბელიძე), სუშკინი (71. სანტოს ფერნანდესი), კობახიძე, ვოლკოვი (88. კალონასი).
სათადარიგოები: მერლანი, უგულავა, ვასაძე, სვანიძე
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აქუბარდია, აფაქიძე, ბამბა ფუსენი, დინ-კონტეჰი, ბეჭვაია, ტყემალაძე, წურწუმია, კაპაროსი (30. ნარმანია), ერმაჩენკო (46. ჯავაშვილი), გ. სამუშია (58. მაჩაიძე).
სათადარიგოები: ზარქუა, სიხარულია, იოსელიანი
მწვრთნელი: ვლადიმირ ლიუტი
გაფრთხილებები: დინ-კონტეჰი (57), ბამბა ფუსენი (67), ნარმანია (73)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

                                                                                                                                                                      (იბეჭდება მცირე ცვლილებით)     

                                                                                                                                                                      მერაბ მამულაშვილი

                                                                                                                                                            ყოველდღიური სპორტული გამოცემა "ლელო

                                                                                                                                                            პარტნიორი -sportall.ge

, , , ,

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი