09 სექტემბერი 2016
V ტური - მატჩი თითქმის „ექვსქულიანი“

 მიმდინარე წლის 10-11 სექტემბერს, უმაღლესი ლიგის გუნდები,   V  ტურის მატჩებს გამართავენ.  ს.კ. „ზუგდიდი“, ამ ტურში გასვლით შეხვედრას ჩაატარებს და ბოლნისში, ადგილობრივ „სიონს“ შეხვდება. გარდამავალი ჩემპიონატის გასული ტურების შემდეგ, აღნიშნული გუნდები ქულის გარეშე არიან და ცხრილის ქვედა საფეხურზე იმყოფებიან. მართალია, ჯერ მხოლოდ ოთხი ტურია გასული და ვერავინ იტყვის გადაჭრით სატურნირო მდგომარეობა როგორ შეიცვლება, თუმცა ამ ეტაპზე „სიონი-ზუგდიდი“-ს დაპირისპირება,  მათი შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას „ექვსქულიან“ მატჩადაც შეფასდეს.

 ზუგდიდელთა შემადგენლობაში, კიდევ ერთი სიახლეა - კლუბთან კოტრაქტი ოფიციალურად გააფორმა უკრაინელმა ლეგიონერმა, რუდოლფ სუხომლინოვმა, რომელმაც მონაწილეობა ამხანაგურ შეხვედრაში, ქუთაისის „ტორპედო“-ს წინააღმდეგ უკვე მიიღო. სუხომლინოვს სხვადასხვა წლებში, კიევის  „დინამო 2“-ის, უკრაინული „დესნა“-ს, ლატვიური  „სკონტო“-ს რიგებში უთამაშია (მათ, შორის კიევის „დინამო“-ს რიგებშიც ირიცხებოდა, თუმცა ძირითადში არ უასპარეზია).

 ზუგდიდელები, სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზისას,  რუხის ბაზაზე ორჯერად ვარჯიშებით აგრძელებდნენ მზადებას და ამ შუალედში, საკონტროლო მატჩი ქუთაისის „ტორპედო“-ს წინააღმდეგაც ჩაატარეს. ზუგდიდელებისთვის ეს მეოთხე ოფიციალური შეხვედრაა და ისინი, წარმატების მოსაპოვებლად, მინდორზე საბრძოლო მოტივაციით გავლენ. როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე გათამაშებაში ბოლნისელებიც უქულოდ არიან და აქედან გამომდინარე, შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს.

„სიონი - ზუგდიდი“-ს მატჩი, ხვალ, 10 სექტემბერს, ბოლნისში „თამაზ სტეფანია“-ს სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე დაიწყება.