26 აგვისტო 2016
მზადება ბათუმის „დინამო“-სთან მატჩისთვის

 მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩებს, უმაღლესი ლიგის გუნდები, ხვალ, 27 აგვისტოს გამართავენ. ს.კ. „ზუგდიდს“, წინა ტური გამოტოვებული ჰქონდა და ზუგდიდელთათვის ეს მესამე შეხვედრა იქნება. ზუგდიდელები „ზედაეწერი“-ს სტადიონზე, წითელი ჯგუფის გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, ბათუმის „დინამო“-ს დაუპირისპირდებიან.
ბათუმელებმა, გარდამავალი ჩემპიონატი ჩინებულად დაიწყეს და ისინი სამი შეხვედრიდან, 7 ქულით ცხრილის სათავეში არიან. ზუგდიდელები 2 თამაშიდან ქულის გარეშე არიან და ამიტომ ხვალინდელ მატჩს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ოფიციალურ ტურამდე აღნიშნულმა გუნდებმა, სათასო შეხვედრები გამართეს პირველლიგელ გუნდებთან და მარცხი იწვნიეს. ზუგდიდმა ვანის „სულორთან“ მინიმალური ანგარიშით 1:0 წააგო, ხოლო ბათუმელებმა მარტვილის „მერანთან“, 0:2 დათმეს შეხვედრა და ორივე გუნდი სათასო ბატალიებს გამოეთიშა.
ზუგდიდელი ფეხბურთელები აგრძელებენ მზადებას და ისინი, მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ლუტის განკარგულებაში არიან. ზუგდიდელთა განაცხადს, ხვალინდელ მატჩში შესაძლოა, უკრაინაში მცხოვრები ქართველი, ბადრი აქუბარდია შეურთდეს, რომელიც კიევის „დინამო 2“-ს შემადგენლობაში ირიცხებოდა. 23 წლის მცველი, ზუგდიდელთა შემადგენლობაში ერთ კვირაზე მეტია ვარჯიშობს. 
„ზუგდიდი - დინამო ბათუმი“-ს მატჩი, ხვალ, 27 აგვისტოს, „ზედაეწერი“-ს სტადიონზე 17:30 საათზე დაიწყება.