03 November 2017
კონკურენტი დამარცხებულია, თუმცა მთავარი ბრძოლები წინ არის

 წინა დღეებში აღვნიშნავდით და ქვედა საფეხურზე, უშუალო კონკურენტებს შორის ბრძოლამ, მართლაც სანახაობრივ და დაძაბულ ფონზე ჩაიარა. ვინც თამაშს თვალი მიადევნა, ყველა დაგვეთანხმება, რომ დაძაბულობა ბოლო წამამდე გაგრძელდა.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ დღევანდელ შეხვედრას ცალსახა გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია - პირიქით საწყის წუთებშივე სტუმრებს დაწიანურებაც შეეძლოთ, მაგრამ ავთო ენდელაძის მიერ დარტყმული ბურთი, ზუგდიდელთა კარის ხარიხამ აისხლიტა და მასპინძელი გუნდი გადარჩა. სამაგიეროდ, მომდევნო წუთს განხორციელებული შეტევა ზუგდიდელებმა გოლად აქციეს. ცოტნე სამუშია, მარცხენა ფლანგიდან კარგად გაიჭრა და გამოზომილი გადაცემა გააკეთა მეტოქის საჯარიმოში, სადაც ასევე ზუსტად ითამაშა გიორგი ფხაკაძემ და ზუგდიდელთა მაისურით, ოფიციალურ შეხვედრაში პირველი გოლიც მიითვალა. გოლის ავტორი, ცოტა ხანში დაშავდა და შესაცვლელიც შეიქმნა, თუმცა როგორც საბოოლოოდ გამოჩნდა, მისმა გოლმა ზუგდიდს დარჩენისთვის ბრძოლაში, რეალური შანსი გაუჩინა.

გაშვებული გოლის შემდეგ, ისედაც ცხადი იყო, რომ სტუმარი გუნდიც შეტევებზე გააკეთებდა აქცენტს და მათ, ერთმანეთის მიყოლებით ზედიზედ ორჯერ, რეალური ხიფათიც შექმნეს. ერთერთი შეტევისას, თითქმის სრულად ცარიელ კარში ვერ გაიტანეს, ხოლო მეორე ჯერზე სტუმრებს შედეგის შეცვლის საშუალება აკაკი წყაროზიამ არ მისცა, რომელმაც ვარდნაში ბურთი გვერდით ხაზს იქეთ გადააგდო. 
მასპინძელთა მხრიდან კი, სახიფათო შერზოტ შაკიროვის დარტყმა აღმოჩნდა და სტუმართა კიპერმა ბურთი ნახტომში მოიგერია, ხოლო ბესიკ ჩიმაკაძეს კი მცველებმა აჯობეს და სიტუაცია განმუხტეს.

შეხვედრის მეორე ნახევარიც ასევე დაძაბულად წარიმართა. იმერლები მიღებულ შედეგს არ ეგუებოდნენ და ვითარების გამოსწორებას დასაწყისშივე, სწრაფი გოლით შეეცადნენ. ყველაზე რეალური მომენტი სტუმრებს მეორე ტაიმში მაიშინ შეექმნათ, როცა მთავარმა არბიტრმა, არსენ ნონიკაშვილმა მეტოქე ფეხბურთელზე უხეში თამაშისთვის, მასპინძლები დააჯარიმა. სტუმრებს სტანდარტულის შესრულებამ, ზუგდიდელთა კარის საჯარიმო ხაზთან მოუწიათ, თუმცა ჯარიმა იმდენად არაზუსტად შეასრულეს, რომ კრიტიკა თვით საკუთარი გულშემატკივრებისგან მიიღეს. რაც უფრო მცირდებოდა დრო, მასპინძელი გუნდი მთლიანად კონტრშეტევაზე იყო გადართული და კონტრშეტევებითაც ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს, თუმცა შედეგი ვერც მათ შეცვალეს, რაც ბუნებრივია ქომაგთა აღელვების საბაბიც გახდა.

ბოლო წუთებზე, მოწოდების სიმაღლეზე დადგა სტუმართა კიპერი ლევან ტყეშელაშვილი, რომელმაც ჯერ ბესიკ ჩიმაკაძის დარტყმული ბურთი გაანეიტრალა, ხოლო შემდეგ შეცვლაზე შემოსული ლაშა კუკავას დარტყმული ბურთი, მახვილი კუთხიდან მოხსნა და საკუთარ გუნდს ქულის გადარჩენის შანსი შეუნარჩუნა. ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზუსტად ითამაშეს და მეტოქეს შტურმის მოწყობის საშუალება არ მისცეს, შეხვედრა კი მათ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. 
მართალია, ზუგდიდელებმა უშუალო კონკურენტი დაამარცხეს და მათთან ქულათა სხვაობა, პირიქით 2 ქულამდე გაზარდეს, თუმცა დამთავრებული ჯერ არაფერია და დარჩენილ სამ ტურში მთავარი ბრძოლები წინ არის.

ეროვნული ლიგა 2 – XXXIII ტური

„ზუგდიდი - მეშახტე“ – 1:0

ზუგდიდი, „ზედაეწერი“-ს სტადიონი, 3 ნოემბერი
გოლი: გიორგი ფხაკაძე (4-ე წთ)

ზუგდიდი: ჯომიდავა, შაკიროვი, წყაროზია, ხარბედია, რუხაია, კირსანოვი, იგნატენკო, წოწონავა (კუკავა 77-ე წთ), სამუშია (ძაძუა 90+3-ე წთ), ჩიმაკაძე, ფხაკაძე (ლაშხია 25-ე წთ)

სათადარიგო: ეხვაია, ქეცბაია, აკობია, გოგალაძე

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფილია

მეშახტე: ტყეშელაშვილი, ნეფარიძე, მჭედლიშვილი, გვენეტაძე (ცაგარეიშვილი 62-ე წთ), აფხაზავა, ხარაბაძე, ენდელაძე, ბანძელაძე, ჭრელაშვილი (ფურცხვანიძე 72-ე წთ), კვასხვაძე, ყიფიანი (ვინოგრადოვ 54-ე წთ)

სათადარიგო : კვერნაძე, ჭანკვეტაძე, ჭოხონელიძე, ყურულაშვილი

მწვრთნელი: მალხაზ ფორჩხიძე

გაფრთხილება: გვენეტაძე (21-ე წთ), ენდელაძე (33-ე წთ), იგნატენკო (33-ე წთ), წყაროზია (54-ე წთ) ლაშხია (59-ე წთ), ცაგარეიშვილი (62-ე წთ), ქართველიშვილი (81-ე წთ)

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

, , ,