30 October 2017
ფრე, რომელიც წაგებას სჯობს...

დღევანდელ შეხვედრაში, სრულიად განსხვავებული ტაიმები ნახეს სტადიონზე მისულმა ქომაგებმა -ბუნებრივია, ადგილობრივი გულშემატკივრები საკუთარი გუნდისგან, მხოლოდ წარმატებას ელოდნენ და ეს გასაკვირი არც ყოფილა, ვინაიდან მათი სატურნირო მდგომარეობა, უკვე დარჩენილ ტურებში არანაირად მცირეოდენი მოდუნების საშუალებასაც კი არ იძლევა.

დასაწყისშივე აღვნიშოთ, რომ ზუგდიდელები ამ შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდნენ. დისკვალიფიკაციის გამო დღევანდელი შეხვედრაც გამოტოვა ბესიკ ჩიმაკაძემ, ხოლო ტრავმის შედეგად საკუთარ გუნდს ლაშა კუკავა, დათა ქირია და თამაზ აკობია ვერ დაეხმარნენ.

პირველი ტაიმში სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო, ვინაიდან მათ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. სტუმართა გამორჩეულ ფორვარდს, გაგა ჩხეტიანს, დასაწყისშივე შეეძლო საკუთარი გუნდი წინ გაეყვანა, მაგრამ მის დარტყმული ბურთი ზუგდიდელთა კარის ძელს მოხვდა და მასპინძლები გადარჩნენ. ცოტა ხანში კი იმავე ჩხეტიანმა ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა, როცა ბურთი ცარიელ კარს ააცილა, მაგრამ ისიც ვაღიაროთ, რომ მარჯვენა ფრთიდან გაკეთებული გადაცემა იმდენად ძლიერი გამოდგა, იგი უბრალოდ ბურთს, ზუსტად ვერ მისწვდა.

ტაიმის შუაწელისკენ უკვე მასპინძლებმაც უჩხვლიტეს მეტოქეს და ფხაკაძე-იგნატენკოს კომბინაციის შემდეგ, ამ უკანასკნელმა ძლიერად დაჰკრა ბურთს, თუმცა ააცილა. ცოტა ხანში კლვავ ჩხეტიანმა იაქტიურა და ამჯერად მისი თავურიც არაზუსტი აღმოჩნდა.

მეორე ნახევარში უკვე როგორც აღვნიშნეთ, მასპინძელი აღმოჩნდა დომინანტი და მათ პირველივე იერიში მწვავე გამოუვიდათ - ნიკა ლაშხიას ზუსტი პასის შემდეგ, გიორგი ფხაკაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მან მეკარესაც აუარა და დარტყმა იმდენად ძლიერი გამოუვიდა, ბურთი კარს ააცილა. მალევე, ნიკა ლაშხიას სახიფათოდ დარტყმული ბურთი, იმერელთა გოლკიპერმა უკუაგდო, ხოლო ახლოს მყოფმა ფხაკაძემ ზუსტად კვლავ ვერ დაარტყა. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში, მიხეილ რუხაიას ფლანგური გადაცემის შემდეგ, ცოტნე სამუშიამ ასევე სახიფათო თავური დაჰკრა და მანაც, მცირედით ააცილა. ცოტა ხანში კი ლევან წოწონავას დარტყმულიც მიზანს ასცდა, ხოლო მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს, ნიკა ლაშხიას ყუმბარისებურს წყალტუბოელთა მცველები გადაეღობნენ.

შეხვედრის ბოლოსკენ კი შეცვლაზე შემოსულმა დათა ციცხვაიამ დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ ვერც სტუმარი აღმოჩნდა ზუსტი. საბოლოოდ გუნდები ერთმანეთს ნულოვანი ფრით დასცილდნენ.

როგორც აღვნიშნავდით, ზუგდიდელები მორიგ ტურსაც, საშიანო მატჩით ხვდებიან და ბუნებრივია, 33-ე ტური კი ორივე გუნდისთვის ფაქტობრივად გადამწვყვეტია. ზუგდიდელები „ზედაეწერი“-ს სტადიონზე ტყიბულის „მეშახტე“-ს, 3 ნოემბერს უმასპინძლებენ. დღევანდელი მდგომარეობით, ზუგდიდელები, უშუალო კონკურენტს, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

ეროვნული ლიგა 2 - XXXII ტური

ზუგდიდი – სამგურალი“ - 0:0

ზუგდიდი, „ზედა ეწერი“-ს სტადიონი, 29 ოქტომბერი

ზუგდიდი: ჯომიდავა, შაკიროვი, წყაროზია, ხარბედია, რუხაია, კირსანოვი, იგნატენკო, წოწონავა, ლაშხია, სამუშია, ფხაკაძე

სათადარიგოები: ეხვაია, გოგალაძე, ქეცბაია, ჭედია, ძაძუა, ქირია, ლ.აკობია

მწვრთნელი: სოსო ფილია

სამგურალი: ნუცუბიძე, ბანძლაძე, ბიბილაშვილი, კილაძე, ენდელაძე, ზ.ფანცხავა (კაკუშაძე 60-ე წთ), შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, გოგუაძე, დ.ჩიხლაძე (ნერგაძე 90+3-ე წთ), ჩხეტიანი (ციცხვაია 72-ე წთ)

სათადარიგოები: კუჭუხიძე, ა.ფანცხავა, ლ.ჩიხლაძე, ლაღაძე

მწვრთნელი: გია გიგატაძე

გაფრთხილება: რუხაია (59 - ე წთ)

არბიტრი: დავით სანოძე

, , , ,