ზუგდიდის ფეხბურთის 100 წლიანი ისტორია

 

მერცხალი

ზუგდიდში ფეხბურთის ჩამოყალიბება 20–ე საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს სათავეს, ხოლო მისი ჩამოყალიბება–განვითარება ლეო ჭედიასა და პიერ კობახიძის სახელს უკავშირდება. აღნიშნული პირები ბათუმში დაესწრნენ მატჩს, სადაც ბათუმის ნავსადგურის ხელოსანთა გუნდი შეხვდა, ინგლისურ გემ „ალბიონის“ მეზღვაურებს. მატჩი ინგლისელებმა 4:1 მოიგეს. კობახიძემ და ჭედიამ შეისწავლეს ფეხბურთის წესები, მოინიშნეს მოედნის პარამეტრები და ზომები, ინგლისელებისგან შეიძინეს სათამაშო ფორმები და ბურთები, შეკრიბეს ზუგდიდელი ახალგაზრდები და შექმნეს პირველი საფეხბურთო გუნდი. გუნდის სახელად შეარჩიეს „მერცხალი“, ხოლო გუნდის გერბად დროშაზე დიდი წრე და მასში ცისფერ ფონზე მოლაჟვარდე მერცხალი. პირველი გუნდის მწვრთნელად არჩეულ იქნა აბო კობახიძე, ხოლო კაპიტნად ნიკოლოზ ჩხეიძე.

პირველი შეჯიბრება ზუგდიდის „მერცხალმა“ 1919 წლის 20 მაისს, „მიურატის“ მინდორზე (ზუგდიდის აწ უკვე ყოფილი ცენტრალური სტადიონი)ჩაატარა. ისტორიის თანახმად, ამ დღეს მთელი ქალაქი აჭრელებული იყო აფიშებით და საზეიმო განწყობა სუფევდა ყველგან. ზუგდიდის „მერცხალი“ რუსეთის გარნიზონის გუნდს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. სწორედ 1919 წლის 20 მაისი ცხადდება ზუგდიდში ფეხბურთის დაარსების დღედ. სამწუხაროდ, პირველი გუნდის ამსახველი ფოტო–მასალა არ არსებობს.

ზუგდიდის შემადგენლობა 1938-39

ზუგდიდის „ოდიში“

ზუგდიდის  „ოდიში“  შემადგენლობა 1964

ზუგდიდს ყოველთვის ჰყავდა წარმატებული ფეხბურთელები, მაგრამ პირველ გუნდურ წარმატებას ჩვენი ქალაქის გუნდმა 1964 წელს მიაღწია. ვალო ბულიას ხელმძღვანელობით ზუგდიდის „ოდიშმა“ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

1990 წლიდან, როცა ჩვენი ფეხბურთი გამოეყო საკავშირო ჩემპიონატს და შექმნა ცალკე, საქართველოს ჩემპიონატი – ამავე წელს ზუგდიდი „ოდიშის“ სახელით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს და 18 გუნდს შორის, ჩვენი ქალაქის გუნდმა 8–ე ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში „ოდიშის“ სპორტულ ღირსებას იცავდნენ: გელა ჭანტურია, როლანდ გელენავა, გელა კვიტატიანი, ოთარ თუთბერიძე, დევი ჯავაშვილი, კახაბერ სართანია, მერაბ ჯიქია, მერაბ თევზაძე, მელორ ბიგვავა, მერაბ შეროზია, მალხაზ მალანია, მურთაზ ნაჭყებია, როინ ტიბუა, გოჩა გოგოხია, გოჩა კვარაცხელია, ემზარ შონია, ბიძინა ქობესოვი, დავით ყიზილაშვილი. გუნდს ოთარ გაბელია წვრთნიდა.

ზუგდიდის „დინამო“

ზუგდიდის დინამოს შემადგენლობა

1973 წელს კი ზუგდიდში ჩამოყალიბდა ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც „დინამოს“ სახელით ასპარეზობდა და ამავე წელს ზუგდიდური გუნდი გახდა, საქართველოს თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი და მილიონთა თასის გათამაშების ნახევარფინალისტი. ზუგდიდის „დინამოს“ ამ პერიოდში წვრთნიდა ჯუმბერ ჩუხუა. შემადგენლობა კი ასეთი იყო: 1. (მეკარე) გიორგი (ტამტა) წყაროზია 2. (მეკარე) კოლია ვნუკოვი 3. (გუნდის კაპიტანი) ამირან კემულარია, 4. გენადი (ჩიმჩა) ალმასია 5. ბადრი თუთბერიძე 6. მერაბ (ციკლობა) ნიკოლაიშვილი 7. ნოდარ (ჯოლო) ზვამბაია 8. რევაზ (პეტრო) პერტაია 9. როლანდ (მაქრო) მაქაცარია 10. კარლო (ჯოჯო) ჯოჯუა 11. ვალერი (ბლოხა) გულორდავა 12. ვალერი (სიჭო) სიჭინავა 13. მალხაზ (კეჟერა) კეჟრიშვილი 14. ალიკა მესხი 15. ფრიდონ (ევა) ტაბაღუა და 16. ომარ აბრალავა. 1977-78-79 წლებში ზუგდიდის „დინამო“, საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ზონაში, ერთმანეთის მიყოლებით მეორე–მასამე ადგილებს იკავებდა და სულ ცოტა დააკლდა, საბჭოთა კავსირის ჩემპიონატის პირველ ლიგაში გადასასვლელად. ამ პერიოდში ზუგდიდურ გუნდს, სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული დიდოსტატი (აწ უკვე სპორტის რაინდი) მურთაზ ხურცილავა წვრთნიდა. ზუგდიდის „დინამომ“ 1984 წელს ისევ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. გვინდა გამოვყოთ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ასახელეს ზუგდიდი. პირველი ვინც თბილისის „დინამოში“ მოხვდა ეს გივი ხოჭოლოვა იყო. შემდეგ სახელოვან ზუგდიდელთა შორის არიან: ბორის სიჭინავა, შოთა კიტია, ანტუშა ქარჩავა, ოთარ რუხაძე, ოთარ გაბელია, ალიოშა ჩიჩუა, ზაურ ბულია, სოსო ჭედია, მელორ ბიგვავა, ზაზა ჯანაშია.

1989 წელს კი ზუგდიდის „დინამომ“, სსრკ–ს მილიონთა თასის გათამაშების ფინალში დაამარცხა რა ოდესის „სკა“, აღნიშნული თასის მფლობელი გახდა. ამ დროს კი გუნდს ვალერი გულორდავა ხელმძღვანელობდა.

უახლესი ისტორია

1990–1994 წლებში გუნდი „ოდიშის“, ხოლო შემდეგ „დინამოს“ სახელით ასპარეზობდა, რის შემდეგაც ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, ზუგდიდში საფეხბურთო ცხოვრება ( თუ არ ჩავთვლით ბავშვთა ფეხბურთს) ხანგრძლივი პაუზით შეჩერდა. ამის შემდეგ ჩვენს ქალაქს ზუსტად 12 წელი დასჭირდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საკუთარი გუნდის დასაბრუნებლად. 2007–2008 წლებში ზუგდიდი უმაღლეს ლიგაში „მგლების“ სახელით ასპარეზობდა ამავე ჩემპიონატში 14 გუნდს შორის 7–ე ადგილს იკავებს, რაც დებიუტანტისთვის არც თუ ცუდი შედეგი იყო. 2008 წლიდან მოხდა „მგლებისა“ და იმ დროს პირველ ლიგაში მოასპარეზე ზუგდიდის „ბაიას“ გაერთიანება და 2008–2012 წლებში ზუგდიდი უმაღლეს ლიგაში უკვე „ბაიას“ სახელით ასპარეზობდა. 2012 წლის შემოდგომაზე გუნდმა ისევ იცვალა სახელწოდება და დღეის ჩათვლით ზუგდიდური გუნდი უმაღლეს ლიგაში „ზუგდიდი“–ს სახელით ასპარეზობს.  ამრიგად,  ეს გახლავთ ზუგდიდის ფეხბურთის მოკლე ისტორიული ექსკურსი და სპორტის ამ სახეობის ჩამოყალიბების, ასწლიან იუბილეს ჩვენი ქალაქი, სულ რაღაც 5 წელიწადში, 2019 წელს იზეიმებს.